ახალი ამბები
ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილედ ენმ-ის წევრი აირჩია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ "ქართული ოცნების" დეპუტატების მონაწილეობის გარეშე აირჩია საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილედ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი კახაბერ ჩანგელია. მას მხარი დაუჭირა 24-მა დეპუტატმა. სხდომას ესწრებოდა 42 წევრი, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ამჯერადაც პროტესტის ნიშნად არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრი გიგა ფარულავაა. ასევე ოპოზიციონერი ტეპუტატები არიან მისი მოადგილეებიც - 22 მარტს საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს ფრაქცია "ზუგდიდი საქართველოსთვის" ხელმძღვანელი მალხაზ თორია, მოადგილედ კი ენმ-დან თეიმურაზ ბასილაია.

ზუგდიდის საკრებულოში კომისიების ხელმძღვანელი პირებიც ასევე ოპოზიციური პარტიების წევრები არიან. ხუთი კომისიიდან ოთხს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ერთს კი "გახარია-საქართველოსთვის" წევრი ხელმძღვანელობს. საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართულ ოცნებას".

ზუგდიდის საკრებულო ერთ-ერთია იმ საკრებულოებს შორის, სადაც მმართველმა გუნდმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უმრავლესობა ვერ მოიპოვა.