რეკლამა
ზუგდიდში უკრაინის მოქალაქეს შვილის შეძენა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს
უკრაინიდან ლტოლვილ მარია გორდულავას, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ზუგდიდში ცხოვრობს, შვილი შეეძინა. შვილის შეძენა უკრაინის მოქალაქეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ვახტანგ ტარანს და მარია გორდულავას მეორე შვილი - ადელინა კლინიკა "სენამედში" შეეძინათ. სამედიცინო დაწესებულებამ მათ უფასო მომსახურეობა გაუწია.

უკრაინის ქალაქ ოდესიდან ლტოლვილი მარია ომის დაწყების შემდეგ უფროს შვილთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს, მეუღლე კი უკრაინაში იმყოფება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ომის დაწყების შემდეგ ეს მეორე უკრაინული ოჯახია, რომელსაც შვილი შეეძინა. ადელინამდე მარტვილში მცხოვრებ წყვილს ვაჟი ეყოლა, რომელსაც ბაგრატი დაარქვეს.