ახალი ამბები
ჩერნიგოვის ოლქში რუსული არმიის საჰაერო თავდასხმისას 3 ადამიანი დაიღუპა, 14 დაშავდა
უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ ნოვგოროდ-სივერსკიში ღამის საჰაერო დარტყმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა "უნიანს" ნოვგოროდ-სევერსკის საქალაქო საბჭოში განუცხადეს.

საბჭოს თავმჯდომარის, ლუდმილა ტკაჩენკოს განცხადებით, ერთ-ერთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია და სხვა საავადმყოფოში მისი გადაყვანა შეუძლებელია.

მისი სიტყვებით, რუსული არმიის ძირითადი სამიზნე სკოლები იყო, თუმცა ავიადარტყმისას ასევე დაზიანდა ირგვლივ მდებარე სხვა შენობებიც. მათ შორის კულტურის სახლი, საავადმყოფო, სამედიცინო კოლეჯის საერთო საცხოვრებელი და სხვა.

ჩერნიგოვის ოლქში 11 მაისის ღამეს რამდენიმე საჰაერო დარტყმა განხორციელდა ნოვგოროდ-სევერსკისზე. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.