ახალი ამბები
ცხედარიც არ გვაქვს, რომ დავიტიროთ და მოვეფეროთ - მარიუპოლში დაღუპული ტატო ბიგვავას ბიძა
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ტატო ბიგვავას ბიძის, ტრისტან ბიგვავას განცხადებით, მისი ძმისშვილი "აზოვის" პოლკში ერთ-ერთი ასეულის მეთაური იყო. მისი ინფორმაციით, ტატო ბიგვავა საბრძოლო ოპერაციის დროს, რუსული არმიის ავიაიერიშისას დაიღუპა. როგორც ტრისტან ბიგვავა აცხადებს, მასთან ერთად დაღუპულია კიდევ 18 "აზოველი", არიან დაჭრილებიც.

ქართველი მებრძოლის ოჯახმა არ იცის, როდის იქნება შესაძლებელი, რუსული არმიის მიერ თითქმის სრულად ოკუპირებული უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან ცხედრის გამოსვენება.

"ჩვენის მეორე სიკვდილია ის რომ ცხედარსაც არ გვაძლევენ, რომ დავიტიროთ და მოვეფეროთ. ცხედარსაც არ ველოდებით უახლოეს მომავალში, თუ საერთოდ იქნება, ესეც არ ვიცით", - ამბობს დაღუპულის ბიძა ტრისტან ბიგვავა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში ცხოვრობს.

27 წლის მებრძოლის ოჯახი ოკუპირებული აფხაზეთიდან, სოხუმიდან დევნილია. ოჯახი წლებია კიევში ცხოვრობს. ბიძის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში დაიბადა და უმაღლესი განათლებაც იქვე მიიღო ტატო ბიგვავამ. მოგვიანებით მან სამხედრო აკადემიაც დაამთავრა და 2015 წლიდან შეუერთდა "აზოვის" პოლკს.

"ტატოს მიღებული აქვს უკრაინის მთავრობისგან სამხედრო ორდენი მამაცობისთვის. რაც ომი დაიწყო პირველი დღიდან არის ჩართული...აქ რომც ყოფილიყო, მაინც არ გაჩერდებუდა და წავიდოდა. იმიტომ რომ ასთი მებრძოლი კაცი იყო.

ის იცავდა როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს იმ ომში. სამკერდე ნიშანიც ასეთი ჰქონდა - უკრაინის დროშა და საქართველოს დროშა ერთად. ორი სამშობლო მაქვსო სულ ამას ამბობდა", - უთხრა ჟურნალისტებს ტრისტან ბიგვავამ, უკრაინაში დაღუპული 27 წლის ქართველი მებრძოლის, ტატო ბიგვავას ბიძამ.

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა: ტატო ბიგვავა, დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე, ალიკა ცაავა და ბახვა ჩიქობავა. ყველა მათგანის ცხედარი, გარდა ბახვა ჩიქობავასი და ახლა უკვე ტატო ბიგვავასი საქართველოში ჩამოსვენეს და საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ბახვა ჩიქობავა, ისევე როგორც ტატო ბიგვავა მარიუპლში დაიღუპა, ქალაქში, რომელიც რუსი საოკუპაციო ძალების ალყაშია.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.