ახალი ამბები
რუსულმა არმიამ „აზოვსტალის“ დასაკავებლად სახმელეთო ოპერაცია დაიწყო - მერის მრჩეველი
რუსი სამხედროები არ წყვეტენ უკრაინელი ჯარისკაცების დაცვის ქვეშ მყოფი მეტალურგიული კომბინატის "აზოვსტალის" აღების მცდელობას ქალაქ მარიუპლში. 13 მაისის დილას საოკუპაციო ძალები ცდილობდნენ ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშჩენკო ავრცელებს.

მისი ცნობით, რუსული არმია ავიაიერიშების პარალელურად უკვე ქუჩის ბრძოლაზე გადადის და ასე ცდილობს "აზოვსტალში" შეჭრას. ანდრიუშჩენკომ ინფორმაციის პარალელურად ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ცდილობენ რუსი ჯარისკაცები ქარხნის ტერიტორიაზე შეღწევას.

მერის მრჩევლის სიტყვებით, რუსეთი 12 მაისის ღამესაც განაგრძობდა საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს მარიუპოლზე, თუმცა ძირითადი ძალისხმევა მაინც კონცენტრირებულია უკრაინული ჯარების ბლოკირებაზე "აზოვსტალის" ქარხნის მიმდებარედ.

ორი თვეა რუსული არმიის ალყაშია დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი. ავიაიერიშების შედეგად თითქმის სრულად განადგურდა ქალაქი. ტერიტორიის შესწავლა აქტიური საომარი მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, შესაბამისად უცნობია დაღუპულთა ზუსტი ციფრი. მერიის წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს.

"აზოვსტალის" ტერიტორიაზე რჩებიან დაჭრილი სამხედროები, რომელთა გამოყვანა ვერ ხერხდება. ასევე მარიუპოლიდან ვერ გამოაქვთ დაღუპულთა ცხედრებიც. მათ შორის არის ორი ქართველი მეომრის ცხედარიც. რუსეთი "აზოვსტალში" მყოფი უკრაინელი ჯარისკაცებისგან მოითხოვს იარაღის დაყრას და დანებებას, რასაც ისინი არ თანხმდებიან.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.