ახალი ამბები
ხორბლის მარაგი ამოიწურა და მალე ყველა წისქვილი გაჩერდება - ლევან სილაგავა
"საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოიწურა და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება. მისივე მტკიცებით, დღეს საქართველოში მხოლოდ ფქვილი შემოდის, ხორბალი კი არც შეუკვეთავთ, რადგან ფქვილზე საიმპორტო გადასახადი არ არის, ხორბალზე კი მცურავი ბაჟი მოქმედებს. შესაბამისად, თვეებია ფქვილი ხორბალს ანაცვლებს.

"დღეს მივედით იმ სიტუაციამდე, როდესაც ხორბლის მარაგი, რაც ადრე იყო, ფაქტობრივად ამოწურულია და წისქვილები უახლოესი დღეების განმავლობაში ჩერდება. წისქვილების თემასთან დაკავშირებით საკითხი ამოწურულია. შეიძლება ითქვას, ყველა წისქვილი გაჩერდა. საქართველოში შემოსატანად ხორბალი შეკვეთილი არაა და შემოდის ფქვილი.

მარაგებს რაც შეეხება, გაერო-ს რეკომენდაციაა, რომ ხორბლის 2-თვიანი მარაგი უნდა იყოს და არა ფქვილის. ჩვენთან, სამწუხაროდ, არსებული სიტუაცია გაერო-ს რეკომენდაციას არ შეესაბამება - ხორბლის მარაგები საერთოდ არ გვაქვს, ხოლო ფქვილის მარაგი რამდენი გვაქვს. ეს პურის მწარმოებლების და მთავრობის საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ხორბალი ფქვილით ჩანაცვლდა, პურის ფასი მაინც გაიზარდა, წინა წელს 24%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ფქვილის შემოტანა ჯერ კიდევ წინა წლის ივლისში დაიწყო. ამ წელსაც პურის ფასმა მოიმატა", - განუცხადა ლევან სილაგავამ "ინტერპრესნიუსს".

მისი თქმით, ასოციაციის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრთან ითხოვენ შეხვედრას. მათი შეთავაზებაა ფქვილის იმპორტის და ხორბლის იმპორტის გადასახადებს შორის არსებული სხვაობა აღმოიფხვრას.

"პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძემ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ პური მალე შესაძლოა 20 თეთრით გაძვირდეს.

ზუგდიდში პური ბოლოს თებერვალში გაძვირდა. პურსაცხობების მეპატრონეებმა "ლაივპრესს" უთხრეს, რომ მიზეზი პურის წარმოების გაზრდილი ღირებულებაა.