ახალი ამბები
საქართველოში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს - სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს.

"იაფი ფქვილის მარაგების ფონზე, ავტომატურად შემცირებულია ხორბლის იმპორტი და ხორბლის მარაგები. ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს. მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით.

დაახლოებით თვენახევარ, ორ თვეში დაიწყება ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღება. ივლისი-აგვისტო მსოფლიოში მარცვლეული კულტურების ახალი მოსავლის მიღების სეზონია. ახალი მოსავალი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას განაპირობებს. დღეისათვის, ხორბლის ფასები მკვეთრადაა გაზრდილი, პრაქტიკულად გაორმაგებულია.

იმედი გვაქვს, რომ ფასების კლების ტენდენცია დაიწყება. შესაბამისად, უკვე ამ პერიოდისთვის, საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს", - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ დღეს, 13 მაისს განაცხადა, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება.