ახალი ამბები
ხარკოვს რუსი სამხედროები ტოვებენ - უკრაინის გენშტაბი
რუსეთს ჯარი გაჰყავს ხარკოვიდან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათი თქმით, რუსი სამხედროების მთავარი მიზანია დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარება და სახმელეთო დერეფნის სტაბილურობის უზრუნველყოფა ყირიმთან.

უკრაინის გენშტაბისვე ცნობით, დიდი აქტიურობა შეიმჩნევა სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებით.

"უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე მტრის მიერ სარაკეტო და ბომბის დარტყმის საფრთხე რჩება. ხარკოვის მიმართულებით აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ ჩატარებულა.

მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ქალაქ ხარკოვიდან ჯარების გაყვანის უზრუნველყოფაზე, ოკუპირებული პოზიციებისა და მიწოდების მარშრუტების შენარჩუნებაზე", - აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით, რუსებმა განახორციელეს სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის საარტილერიო დაბომბვა დოლგენკოეს, დოლინას და გუსაროვკას დასახლებებში.

ამასთან, ზაპორიჟიეს მიმართულებით, უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიის შესანარჩუნებლად, მიმდინარეობს მოსამზადებელი ღონისძიებები, რუსი სამხედროების მიერ მრავალდონიანი თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

გრძელდება თავდასხმა მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაზეც.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.