ახალი ამბები
უკრაინა მოლაპარაკებას მართავს რუსეთთან „აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის გამოყვანაზე
უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, უკრაინა „აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის ევაკუაციაზე აწარმოებს მოლაპარაკებას რუსეთთან. მათ შორის არიან მედიკოსები და მძიმედ დაჭრილი სამხედროები.

„რამდენიმე ასეული დაჭრილია. პირველ რიგში, მათი გადარჩენაა საჭირო, რადგან რუსები ყველაფერზე ერთბაშად არ თანხმდებიან. ჯერ მძიმედ დაჭრილები და ექიმები, 60 ადამიანია“, - განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

ორი თვეა რუსული არმიის ალყაშია დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი. ავიაიერიშების შედეგად თითქმის სრულად განადგურდა ქალაქი. ტერიტორიის შესწავლა აქტიური საომარი მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, შესაბამისად უცნობია დაღუპულთა ზუსტი ციფრი. მერიის წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს.

"აზოვსტალის" ტერიტორიაზე რჩებიან დაჭრილი სამხედროები, რომელთა გამოყვანა ვერ ხერხდება. ასევე მარიუპოლიდან ვერ გამოაქვთ დაღუპულთა ცხედრებიც. მათ შორის არის ორი ქართველი მეომრის ცხედარიც. რუსეთი "აზოვსტალში" მყოფი უკრაინელი ჯარისკაცებისგან მოითხოვს იარაღის დაყრას და დანებებას, რასაც ისინი არ თანხმდებიან.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.