ახალი ამბები
ყველაფერი კარგად იქნება - ნიკა გვარამია
აბა თქვენ იცით! დარჩით "მთავარზე" და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! ყველაფერი კარგად იქნება,- დაწერა ფეისბუკ გვერდზე "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, მას შემდეგ რაც მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

"რუსთავი 2-ის" საქმეზე ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ.

პროკურატურამ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, ასევე "რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის" დირექტორ ზურაბ იაშვილს ბრალი 2020 წლის 6 სექტემბერს წაუყენა.

მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას "რუსთავი 2-ის" დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

კახა დამენიას "რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედებოდა, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ზურაბ იაშვილს ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში.