ახალი ამბები
„ევროკავშირი არ არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა“- კობახიძე გვარამიას საქმეზე
FaceBook Twitter
E-mail Print
უსათუოდ უნდა გამოვეხმაუროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიას არდასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. მათ პასუხად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი არ არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, - ასე გამოეხმაურა ბრიფინგზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას და შეფასებებს არასამთავროების და პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

კობახიძის თქმით, ევროკავშირი სწორედ სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა. შესაბამისად, მას სწორედ "ნაციონალური მოძრაობა", არასამთავრობოები, ნიკა გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები მიაჩნია თავისი არსით ანტიევროკავშირად.

მმართველი პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამართლის უზენაესობის გარეშე საქართველო ვერ გახდება ევროპული ოჯახის წევრი. ამიტომ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დასაცავად, რაც ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულებაა, ყველაფერს გააკეთებენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონკრეტულმა ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული და მათ კანონის შესაბამისად შეეფარდათ სასჯელი. მხოლოდ ის ფაქტი, რომ გვარამიაც და დამენიაც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან და ამჟამად ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას აწარმოებენ, განმარტავს, რომ არ იძლევა საფუძველს, მედიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მათი მხილების ფაქტს პოლიტიკური განცხადებით გამოეხმაურონ.

მანვე "ისტერიული კამპანია" და მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა უწოდა განაჩენთან დაკავშირებით გამოხმაურებებს.

"ვიდრე ამ მცდელობას შევაფასებდეთ, მინდა გაგახსენოთ ციტატა 20-ზე მეტი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებიდან სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით: "როგორც სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, ასევე საბოლოოდ მიღებული შედეგი არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნებს და კიდევ უფრო მყარს ხდის ჩვენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლების უხეში ჩარევის შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას, ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და პლურალისტულ მედია გარემოს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს".

ეს არის ციტატა სასამართლოს არა გუშინდელი განაჩენის, არამედ 2017 წლის გადაწყვეტილების შესახებ. მაშინაც, 5 წლის წინ, ნაციონალური მოძრაობა, მასთან დაკავშირებული ენჯეოები, მაშინდელი პრეზიდენტი, მაშინდელი სახალხო დამცველი და მათი უცხოელი ლობისტები აწარმოებდნენ ისტერიულ, სიცრუეზე და "ფეიკზე" დაფუძნებულ კამპანიას რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. ეს სიცრუე და "ფეიკი" სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2 წელიწადში ამხილა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რუსთავი 2 სრულიად ყაჩაღურად, მთელი საზოგადოების თვალწინ მიიტაცა, ეს პარტია და მისი პარტნიორები თუ ლობისტები უტიფრად და ურცხვად ამტკიცებდნენ, რომ სასამართლომ ტელეკომპანია კანონიერ მფლობელს უსამართლოდ დაუბრუნა. ანალოგიური უტიფარი და ურცხვი კამპანიის მომსწრეა საზოგადოება, სამწუხაროდ, დღესაც. შეგახსენებთ, რომ ქრონოლოგიურად სწორედ რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირდება კამპანიის დაწყება ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგაც, რომელიც საბჭოური პროპაგანდის მეთოდების გამოყენებით და იარლიყების "მიწებებით" დღემდე წარმოებს.

გუშინდელი სასამართლო განაჩენის დეტალებზე საერთოდ არ გვსურს საუბარი. ყურადღებას გავამახვილებთ საქმის მხოლოდ ერთ გარემოებაზე. ნაციონალური მოძრაობის ფსევდო-იურისტები განაჩენის "აბსურდულობას" ამტკიცებენ იმ ფაქტზე მითითებით, რომ გვარამიას ტელეკომპანიის ძარცვა მის მაშინდელ მფლობელებთან შეთანხმებული ჰქონდა. ეს არის სრულიად უსუსური არგუმენტი - როდესაც ტელეკომპანიის უკანონო მფლობელები და გენერალური დირექტორი კანონიერი მფლობელისთვის დასაბრუნებელი ტელეკომპანიის ძარცვაზე თანხმდებიან, ეს გენერალურ დირექტორს პასუხისმგებლობისგან, ბუნებრივია, ვერ გაათავისუფლებს.

კიდევ ერთი ციტატა, ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან სანდრო გირგვლიანის საქმეზე: "სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო".

ეს ადამიანები უსამართლობის გარშემო კოორდინაციით ადრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ გვაოგნებდნენ, ახლა ისინი ოპოზიციის რიგებიდან გვაოგნებენ. მართლაც გამაოგნებელია შეთანხმებული ქმედებები, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები, სახალხო დამცველები და უცხოელი ლობისტები მოქმედებდნენ და მოქმედებენ, რათა არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება ნაციონალური მოძრაობის მიერ რუსთავი 2-ის მიტაცების საქმეზე; რათა არ აღსრულდეს მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ სანდრო გირგვლიანის, ვალერი გელაშვილის, 7 ნოემბრის, ტელეკომპანია "იმედის" და კორუფციის საქმეებზე; რათა არ აღსრულდეს მართლმსაჯულება ნიკა გვარამიას მიმართ რუსთავი 2-ის ძარცვის საქმეზე.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ისტერიული კამპანიის ფონზე, სტრასბურგის სასამართლომ გამოიყენა დროებითი ზომა, რითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი მფლობელის საკუთრებაში დაბრუნება 2 წლით შეჩერდა. ამ გადაწყვეტილებამ გვარამიას მისცა შესაძლებლობა, ტელეკომპანია კიდევ რამდენიმე მილიონით გაეძარცვა. ამით, რადიკალურმა ოპოზიციამ, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ენჯეოებმა და უცხოელმა ლობისტებმა სტრასბურგის სასამართლო უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს. თუმცა, სასამართლოსთვის დღემდე ბოდიში არავის მოუხდია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2019 წელს, სტრასბურგის სასამართლომ სრულად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერება, რითაც მან ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნიორებისა და ლობისტების მიერ წარმოებული კამპანია გააშიშვლა და ისინი სიცრუეში ამხილა. თუმცა, ამის შემდეგ მათ ბოდიში არ მოუხდიათ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლისთვის, აგრეთვე პირველი და მეორე ინსტანციის 4 მოსამართლისთვის, რომლებსაც 2 წლის მანძილზე უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ. შეგახსენებთ, რომ გვარამიას მხრიდან მოსამართლე თამაზ უთმელიძის სამარცხვინო "ბულინგი" სტრასბურგის სასამართლომ საგანგებოდ დაგმო.

სამწუხაროდ, ნაციონალურ მოძრაობას, მის სატელიტებს, ენჯეოებს, მარგველაშვილს და უცხოელ ლობისტებს 2019 წელს ბოდიში არ მოუხდიათ არც ქართული საზოგადოებისთვის იმის გამო, რომ სრულიად ურცხვი, უტიფარ სიცრუეზე აგებული კამპანია აკადრეს.

ახლა კი, ზუსტად იგივე ადამიანები აწარმოებენ ახალ ისტერიულ კამპანიას იმისათვის, რომ რუსთავი 2-ის კანონიერმა მფლობელმა კუთვნილი 7 მილიონი ვერც ახლა დაიბრუნოს. ეს კამპანია ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის ნაკარნახევი. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ წინაა სასამართლო განხილვა სისხლის სამართლის საქმეზე აპელაციისა და კასაციის წესით, აგრეთვე სამოქალაქო დავა, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია რუსთავი 2-მა უკანონოდ წართმეული 7 მილიონი უნდა დაიბრუნოს. ბუნებრივია, ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ისტერიას და მოსამართლეების "ბულინგს" მათ სამომავლო გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია. შესაბამისად, ამ "ბულინგს" სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რა მოვლენები ვითარდებოდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო გასული წლების განმავლობაში. ტელეკომპანია ჯერ კანონიერ მფლობელს წაართვეს, შემდეგ კი, როცა მიხვდნენ, რომ სასამართლო მას უსათუოდ კანონიერ მფლობელს დაუბრუნებდა, გაძარცვეს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, კანონიერ მფლობელს გაძარცვული უკან "მიუგდეს". ეს არის ფაქტი, რომლის სამართლებრივი წესით დადასტურება მხოლოდ მათთვის შეიძლება იყოს მიუღებელი, ვისაც ამ საქმის მიმართ მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი აქვს.

ეს ადამიანები არიან ბაკურიანის ცნობილი შეხვედრის მონაწილეები, ახალი შულავერის კომიტეტი, "ომისა და ღალატის პარტია", რომლისთვისაც უსამართლობა, ტელევიზიების მიტაცება და სასამართლოზე ზეწოლა მიღებული პრაქტიკაა. ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პარტიები, მისი კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები და უცხოელი ლობისტები ხმაშეწყობილად მოქმედებენ სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რათა, სამომავლოდ, პოლიტიკური წარმატების თუნდაც თეორიული შანსი შეინარჩუნონ.

ჩვენ ამ ადამიანებს ვერც სამართლის აღსრულების შეჩერების, ვერც ტელეკომპანიების ძარცვისა და ვერც სასამართლოზე ზეწოლის უფლებას ვერ მივცემთ", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

"რუსთავი 2-ის" საქმეზე ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ.

მთავარი არხის დამფუძნებელს, "რუსთავი 2-ის" დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდნენ.

კახა დამენიას "რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედებოდა, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ზურაბ იაშვილს ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში.

სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ამერიკის საელჩოც. მათი თქმით, ის, რაც დღეს მოხდა, ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი.

პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელისუფლების დაკვეთა - ასე შეაფასეს არასამთავრობოებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ
მიშელს მადრიდში შეხვდა.
18:29 / 29.06.2022
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მადრიდში შეხვდა.
სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი, რომლებმაც
გუშინ, 28 ივნისს
16:33 / 29.06.2022
სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი, რომლებმაც გუშინ, 28 ივნისს "ქართული ოცნება" და საპარლამენტო
დღეს, თბილისის დროით 14:10 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
14:38 / 29.06.2022
დღეს, თბილისის დროით 14:10 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
დუშეთში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო
შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის,
13:02 / 29.06.2022
დუშეთში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.