ახალი ამბები
”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, მათ შორის სამეგრელოში
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, ხოლო 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით არიან დაკავებული - 1978 წელს დაბადებული რ.კ, 1992 წელს დაბადებული ბ.ზ, 1993 წელს დაბადებული ზ.ც და 1971 წელს დაბადებული გ.ა.

"ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დააკავეს - 1984 წელს დაბადებული ნ.კ, 1970 წელს დაბადებული ი.მ, 1993 წელს დაბადებული თ.ბ. და 1986 წელს დაბადებული ჯ.ს.

1980 წელს დაბადებული ე.ფ. (მეტსახელად "პაჭო") კი დაკავებულია "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის.

ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ - თ.გ.-ს (მეტსახელად "თემო სოხუმსკი") - "კანონიერი ქურდობისთვის", ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, მ.გ.-ს - "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, აგრეთვე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, ვ. ჩ.-ს და დ. უ.-ს - "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის. ბრალი წარედგინა დ. წ.-ს - "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვისთვის, ხოლო კ. ტ.-ს (მეტსახელად "ენცო") და 1970 წელს დაბადებულ თ. ხ.-ს (მეტსახელად "ჭინკა") - "კანონიერი ქურდობისთვის".

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერი, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით, ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.

ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებზე მოდავე მხარეების პოზიციებს ისმენდნენ, შემდეგ ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ, ვადის გადაცილების შემდეგ კი ე.წ. საჯარიმო თანხას სთხოვდნენ.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ.

"კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლით, 223-ე მე-4 პრიმა მუხლით და 144-ე მე-3 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.