ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული მებრძოლი რატი შურღაია თბილისში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. მებრძოლისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იყვნენ შეკრებილი.

შურღაიას სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება, ხვალ კი სახლში გადაასვენებენ. რატი შურღაიას სამშაბათს დაკრძალავენ.

ის 15 აპრილს, ქალაქ იზიუმში დაიღუპა. მანამდე რატი შურღაიამ ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და კანტუზია განუვითარდა. მიუხედავად ამისა, მკურნალობის კურსი ბოლომდე არ ჩაუტარებია და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება გააგრძელა. ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა: რატი შურღაია, ტატო ბიგვავა, დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, დავით გობეჯიშვილი, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე, ალიკა ცაავა და ბახვა ჩიქობავა. ყველა მათგანის ცხედარი, გარდა ბახვა ჩიქობავასი და ტატო ბიგვავასი საქართველოში ჩამოსვენეს და საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ბახვა ჩიქობავა, ისევე როგორც ტატო ბიგვავა მარიუპლში დაიღუპა, ქალაქში, რომელიც რუსი საოკუპაციო ძალების ალყაშია და ცხედრების გამოსვენება ვერ ხერხდება.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმებს ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.