ახალი ამბები
„კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის სახიფათო პრეცედენტი“ - კოალიცია ნიკა გვარამიას დაკავებაზე
კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ეხმაურება ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. მათი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი სახიფათო პრეცედენტია, რომელიც კითხვებს აჩენს გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით და შერჩევითი და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ნიშნებს შეიცავს.

კოალიცია იზიარებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქმის მასალების შესწავლის შედეგად მომზადებულ სასამართლოს მეგობრის პოზიციას, რომლის თანახმად, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და მოკლე ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას უზრუნველყოფდეს.

განცხადების ავტორთა თქმით, პრობლემურია სასამართლოს მიერ ე.წ. "ავტომანქანის ეპიზოდის", როგორც დანაშაულის მიჩნევის, ასევე სასჯელის ყველაზე მკაცრი სახის, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების და ამ სასჯელის პროპორციულობის საკითხიც. კერძოდ, მათი განმარტებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ნაკლებად მძიმე დანაშაულია, რომლისთვისაც კანონმდებლობა უფრო მსუბუქი ტიპის სასჯელებსაც ითვალისწინებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის ზოგადი პრინციპების თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, თუ სასჯელის მიზნები სხვაგვარად ვერ განხორციელდება.

"კითხვები არსებობს მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებითაც. როგორც ცნობილია, მოსამართლის ახლო მეგობარი, ზაზა გველესიანი "რუსთავი 2-ის" მმართველი კომპანიის მოქმედი დირექტორია. შესაბამისად, ჰოლდინგის დირექტორს საქმის შედეგის მიმართ გააჩნდა პირდაპირი ფინანსური დაინტერესება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების მიხედვით, მოსამართლე ვალდებულია ჩამოშორდეს საქმის განხილვას, თუ არსებობს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. ამის მიუხედავად, მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დემოკრატიულ საზოგადოებაში, მნიშვნელოვანია, სასამართლო ხელისუფლება სარგებლობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით, მის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება კი აკმაყოფილებდეს დემოკრატიულ სტანდარტებსა და ხარისხს. ეს მოთხოვნები კრიტიკულად აუცილებელი ხდება, როდესაც საქმე თავისი არსით მედიის თავისუფლებას და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის დირექტორს ეხება. მსგავსი ტიპის საქმეები გავლენას ახდენს როგორც კონკრეტული ტელევიზიის დამოუკიდებლობასა და ქმედითობაზე, ისე ზოგადად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე და სახელმწიფოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

კოალიციის შეფასებით, იმ ფონზე, როცა წლებია ქართულ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სისტემური გამოწვევების წინაშე დგას, მართლმსაჯულების პოლიტიზირებისა და პოლიტიკური მიზნებით ინსტრუმენტალიზების მზარდი ტენდენცია კი საფუძველს აცლის ქვეყანაში ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების დაცვისა და ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ინსტიტუციურ მექანიზმებს და კიდევ უფრო აღრმავებს სასამართლო სისტემის მიმართ არსებულ საზოგადოებრივ უნდობლობას.

მათივე განმარტებით, მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებული მართლმსაჯულება, რომელიც არსებითად ეხება და ზიანს აყენებს არსებულ მედია-გარემოს და ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს, კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და პოლარიზაციას, ვერ უზრუნველყოფს სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას და უარყოფითად აისახება ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე, უმნიშვნელოვანეს პროცესებზე.

16 მაისს, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამარათლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა მას 2019 წლიდან ედავებოდა "რუსთავი 2"- ში მისი დირექტორობის პერიოდში ტელეკომპანიის დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, მოსყიდვას, ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო ორ ეპიზოდში - ტელეკომპანიისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში და ტელეკომპანიის სარეკლამო დროის ხარჯზე ძვირად ღირებული ავტომობილის მიღებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით აქციებით გააპროტესტეს.