ახალი ამბები
ქმრის მიერ მოკლული ზუგდიდელი ქალის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოკლულ ზუგდიდელ ქალზე. სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც გარდაცვლილის ქმარია, დღეს, გურამიშვილის გამზირზე, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს, 1991 წელს დაბადებულ ს.კ.-ს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული, 1983 წელს დაბადებული რ.მ შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.