ახალი ამბები
დამიდგინეს ტრავმა, რომელიც დიდი ალბათობით გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას მივიღე - სააკაშვილი
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხერხემალზე დაუდგინეს ტრავმა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. წერილში, რომელიც მედიას ენმ-ის დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ გააცნო, აღნიშნულია, რომ მას აქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა, რთულად იმორჩილებს კიდურებს, უჭირს გადაადგილება და ძირითადად წოლით რეჟიმზეა.

სააკაშვილის თქმით, ამ ყველაფერზე საუბარი იმიტომ გადაწყვიტა, რომ ბევრი "სპეკულირებს" მისი ჯანმრთელობის თემით.

"ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც დიდი ალბათობით, გლდანში ძალის გამოყენებით გადაყვანისას მივიღე. ეს ტრავმა როგორც მივხვდი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. მაქვს ზურგის არეში ძლიერი ტკივილები და დღეში რამდენჯერმე მიკეთებენ ტკივილგამაყუჩებელ ნემსს. მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა. სულ უფრო რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, განსაკუთრებით მარცხენა ხელს. მაქვს მუდმივი, ძლიერი ტკივილი ქვედა კიდურებში.

ნეიროქირურგმა, რომელმაც გამსინჯა, გამოთქვა ვარაუდი, რომ კუნთები შეიძლება მალე ჩაიკეტოს და შემდეგ მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. არ ვიცი ეს ზუსტად რას ნიშნავს, მაგრამ ის, რაც ვიცი ნამდვილად ასეა, რომ სულ უფრო მიჭირს გადაადგილება და ძირითადად წოლით რეჟიმში ვიმყოფები.

Mღთ-ით ასევე თავის ტვინში დადგინდა გარკვეული ცვლილებები, რის შესახებაც მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ამ ყველაფერს ემატება რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში საკვების სრული მიუღებლობა. საქმე იმაშია, რომ მხოლოდ მოწოდებებით, რომ არ ვიწვე და ვიკვებო, საქმე არ სწორდება, თორემ ვინც მიცნობთ, ყველამ კარგად იცით, რომ ვერტიკალური მდგომარეობა არ მახასიათებდა, არც უმადობას ვუჩიოდი ოდესმე. საჭიროა პოლიტიკისგან სრულად დაცლილი მკურნალობა, რისი მიღება საქართველოში ამ ეტაპზე შეუძლებელია", - აცხადებს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან "ვივამედში" 12 მაისს გადაიყვანეს.

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა 27 აპრილს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. მათი შეფასებით, ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც იანვარში შედგა, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.

16 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

იგივე მოითხოვა ენმ-მ.

ამასთან, აქციები გაიმართა ექსპრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით. მათ შორის, ექიმებმა აქცია ზუგდიდშიც გამართეს. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში მოქმედი სამედიცინო სერვისები ვერ უზრუნველყოფენ მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობას.