ახალი ამბები
ჯოზეფ ბაიდენი ქართველ ხალხს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი, ქართველ ხალხს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ ქართველი და ამერიკელი ხალხი ერთმანეთთან ძლიერ არიან დაკავშირებულნი დამოუკიდებელი სულისკვეთებით და თავისუფლებისადმი ერთგულებით.

ჯოზეფ ბაიდენის განცხადებით, საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას და ძალიან აფასებენ ქვეყნის მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს ჩვენი 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში. მათ შორის ავღანეთში, საერთო ვალდებულებისა და თავგანწირვის კონტექსტში.

"საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა აქვე ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ბევრ ქართველს უზღუდავს ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობას. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდებს, დაასრულოს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

შეერთებული შტატები ასევე გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე. შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხისადმი მტკიცე პარტნიორობის აღმოჩენას რეფორმების განხორციელების პროცესში და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში სწორუპოვარი პოზიციის განმტკიცებაში", - აღნიშნულია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი. რუსული ოკუპაციის გამო დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა.

ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.