ახალი ამბები
დროა საქართველომ, ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას - ჰარცელი
ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, ევროკავშირი რჩება ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდამჭერად.

"ამ რთულ დროს ჩვენ უკრაინისადმი სოლიდარობა გვაერთიანებს.

ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ და ვაფასებთ ჩვენს შორის არსებულ ღრმა კავშირებს. გვინდა, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს.

3 მარტს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, რაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებას გამოხატავს.

საქართველომ არჩევანი გააკეთა საკუთარ ისტორიულ ღირებულებებზე დაყრდნობით. ახლა არის დრო, საქართველომ, ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას", - ნათქვამია განცხადებაში.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი. რუსული ოკუპაციის გამო დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა.

ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.