ახალი ამბები
„ხალხი უნდა გამოვაღვიძოთ, თორემ ენა მოკვდება“ - ზუგდიდში მეგრული ენის დღე აღნიშნეს
FaceBook Twitter
E-mail Print
დადიანების სასახლის ეზოში მეგრული ენის დღე აღნიშნეს. სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და თბილისიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს ამ ენის გაქრობის საფრთხეზე და სახელმწიფოს დახმარება სთხოვეს მის გადასარჩენად. შეკრებილების თქმით, მოლოდინის მიუხედავად, ღონისძიებაზე ცოტა ადამიანი მოვიდა, თუმცა იმედი აქვთ, რომ ეს მუხტი მომავალში გაიზრდება.

ღონისძიების მონაწილეების განმარტებით, მხოლოდ ენთუზიასტების დონეზე პრობლემა ვერ მოგვარდება, ამიტომ აუცილებელია მთავრობის ჩართულობა ამ პროცესში. შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ირაკლი ბუკიამ განაცხადა, რომ დღეს აქ ბევრნი, ფობიების მიზეზით ვერ შეიკრიბნენ. შესაბამისად, ხალხის "გამოღვიძებაზე" იმუშავებენ. მანვე აღნიშნა, რომ უპირველესი მოთხოვნა, მეგრულისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებაა, რისი ავტომატური გაგრძელებაც, სკოლებში მეგრული ენის სწავლება და მეგრულენოვანი ტელევიზიის, რადიოს ამოქმედება უნდა იყოს, მეგრულენოვან პრესასსთან ერთად. კომპლექსურად, ამ ყველაფერში ხედავს ის გამოსავალს.

ირაკლი ბუკიამ სასაცილო უწოდა მის მიმართ ბრალდებებს, რომ მსგავსი აქტივობები სეპარატიზმი და ანტისახელმწიფოებრივია:

"რისი დამოუკიდებელი სამეგრელო, ენგურიდან ცხენისწყლამდე რისი სახელმწიფო? ჩვენ კოლხები ვართ. კოლხურ ფუნდამენტზეა ეს ქვეყანა აშენებული. ძველი კოლხეთი საქართველოზე სამჯერ დიდი იყო. ჩვენ ის დიდი კოლხეთი გვინდა. სოხუმელი კაცი ვარ, გამოდევნილი ვარ იქიდან. სეპარატიზმისგან დაზარალებული კაცი ვარ და მაბრალებენ სეპარატიზმს. ეს მაგონებს იმას, ზელენსკი ფაშისტიაო. ებრაელი ზელენსკი ფაშისტი და სოხუმიდან დევნილი ბუკია სეპარატისტი - სასაცილოა".

ირაკლი ბუკიას თქმით, ის ეროვნებით ქართველია, ეთნიკურად კი მეგრელი. მეგრული მისთვის მშობლიური ენაა, ქართული - საყვარელი სახელმწიფო ენა, რომელსაც დიდ პატივს სცემს.

დღევანდელი ღონისძიებისთვის ჩხოროწყუდან ჩამოვიდა პოეტი და ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია. ის ამბობს, რომ არაფერს ექნება ფასი, რაც რამ ღირებული შეუქმნიათ, ან აწი შექმნიან, თუ მეგრული ენა დაიკარგება. ეს საფრთხე კი რეალურად მიაჩნია, რადგან სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებს ეთაკილებათ მეგრულად საუბარი. შოთა წურწუმია ეთანხმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, რომ მეგრული და სვანური სკოლებში არჩევით საგნად ისწავლებოდეს. ამასთან, მომხრეა ნებისმიერი აქტივობის ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, ფინანსური იქნება თუ სხვა სახის მხარდაჭერის, რაც ღირს ინვესტიციის ჩადებად ამ ყველაფერში.

"ვისურვებდი, რომ სამეგრელოში სიყვარულსაც მეგრულად უხსნიდნენ ვაჟკაცები, თუ რა თქმა უნდა მათ რჩეულს ესმის მეგრული. არ იქნებოდა ზედმეტი, ქართულთან ერთად ლექსიც მოაყოლონ. პირველ რიგში დედებზეა ძალიან ბევრი დამოკიდებული იმისთვის, რათა აკვნიდანვე ესაუბრებოდნენ მეგრულად შვილებს. ეს ყველაფერი უფრო განავითარებს ჩვენს ენას, რომელიც ყველა იმ ელემენტითაა შემკობილი, რომელიც საჭიროა ენის შენარჩუნების და განვითარებისთვის", - განმარტა შოთა წურწუმიამ.

შეკრებილებს სიტყვით ასევე მიმართა შემოქმედთა გაერთიანება "აიას" თავმჯდომარე ედემ იზორიამაც. მისი განმარტებით, სკოლის სახელმძღვანელოებში არაფერია ნახსენები "მეგრელ, სვან, ლაზ ხალხზე, დუმს მასმედიაც, "მალავენ" მათთან დაკავშირებულ ყველაფერს, ამ პირობებში კი ეს ენები კვდებიან.

"როგორ იქნება ერთიანობა, თუ არ იქნა ლაზი, მეგრელი, სვანი? ჩვენ გვჭირდება მრავალფეროვნება. თუ ევროპა გინდა, მეგრელი არ გინდა?", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ დღემდე უშედეგოდ გააგზავნა წერილები სახელმწიფო უწყებებში წლების მანძილზე - ადექვატური პასუხი არცერთი მათგანისგან არ მიუღია.

შეკრების კიდევ ერთმა მონაწილემ, ზაზა ღურწკაიამ განმარტა, რომ ენთუზიასტების დონეზე ეს საქმე არ გამოვა. საჭიროა ერთად დგომა და სახელმწიფოს მხარდაჭერა, რათა მეგრულ ენას დაუბრუნდეს თავისი პრესტიჟი, ჰქონდეს უფლებები და ფუნქციები.

"ამ ყველაფერს მოაგვარებს რეგიონული, ან სახელმწიფო ენის ტატუსი. მეგრული მთელს საქართველოში უნდა ისწავლებოდეს. სამეგრელოს შიგნით სავალდებულო საგამოცდო საგანი უნდა იყოს სკოლებში. სხვანაირად ენა ვერ გადარჩება. ჩვენ მილიონზე მეტნი ვართ ქვეყანაში, ასეთ პატარა სახელმწიფოში მოსახლეობის მესამედი. ამდენი მოქალაქის ენა როგორ უნდა იყოს უუფლებო? ჩვენს თვალწინ რატომ უნდა კვდებოდეს?", - აცხადებს ზაზა ღურწკაია.

ორგანიზაცია "სამეგრელოს" ხელმძღვანელ ზურაბ კვარაცხელიას თქმით, აუცილებელია პრობლემა საკანონმდებლო ორგანოს დონეზე გადაწყდეს, ამისთვის კი, მინიმუმ საპარლამენტო კომისია შეიქმნას. მანვე აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა შეიკრიბონ კიდევ ერთხელ, ბევრად მეტნი, ვიდრე დღეს და პრინციპულად დასვან ეს საკითხები, რაც მეგრულის გაქრობის საფრთხეს უკავშირდება.

"რაც დღეს სჭირს აბაშას, სენაკს, ფოთს, გუშინ სჭირდა სამტრედიას, ლანჩხუთს, გუშინწინ სჭირდა ქუთაისს, ოზურგეთს.. ასე თუ გაგრძელდა, მალე ჭოღაში, სქურში არ ილაპარაკებენ მეგრულად", - განმარტა მან.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა მოძრაობა "სამეგრელოს ხმის" ლიდერი თენგიზ ჯგუშიაც. ის ამბობს, რომ რადგან იმ ძალისხმევას, რაც დაიხარჯა მეგრული ენის დასაცავად წლების მანძილზე, შედეგები არ მოჰყოლია, აუცილებელია სამოქმედო გეგმის შემუშავება. მან შეკრებილებს გააცნო მისივე ორგანიზაციის მიერ მომზადებული განცხადების პროექტი. მასში ვკითხულობთ, რომ საწყის ეტაპზე აუცილებლად მიაჩნიათ მთავრობას მოსთხოვონ, მიმდინარე წლის ბოლომდე, მეგრულ-ლაზური ენა სხვა მონათესავე ენებთან ერთად, გამოცხადდეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. ამასთან, შემუშავდეს და დამტკიცდეს ქართველური ენების შესწავლის, დაცვის და პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამები, სადაც აისახება ქართველური ენების და მათი დიალქეტების სტატუსი, მათი დაცვის და მომავალში არსებობის მყარი მექანიზმები.

განცხადების კიდევ ერთ პუნქტში საუბარია ქართული ენის და ლიტერატურის სასკოლო პროგრამაში ქართველური ენების სწავლების მინიმუმ იმ დონეზე ასახვაზე, რომ ქართველს ისინი არ ეუცხოებოდეს, სამეგრელოს რეგიონის რამდენიმე სკოლაში კი, 2023-2024 წლისთვის მომზადდეს სვანური და მეგრულ-ლაზური ენების დაწყებით კლასებში, არჩევით საგნად სწავლების პილოტირება.

"ამასთან, ნელ-ნელა საზოგადოებამ მოსთხოვოს თვითმმართველობას, ადგილობრივ ბიუჯეტებში უკვე იქნას მეგრული ენის დაცვის და შენარჩუნების პროგრამების მხარდასაჭერად სათანადო ხარჯები გათვალისწინებული", - აცხადებს თენგიზ ჯგუშია.

მეგრული ენის დღე ზუგდიდსა თუ სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებში 2013 წლიდან აღინიშნება. 29 მაისი - ეს თარიღი საგანგებოდ შეირჩა, ენათმეცნიერ მამანტი ძაძამიას დაბადების დღესთან დაკავშირებით.

ზუგდიდში პერიოდულად იმართება აქციები მეგრულ-ლაზურ სვანური ენების დაცვის მოთხოვნით. მათ შორის შეგროვდა ხელმოწერები მეგრულისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მხრიდან,
16:00 / 26.09.2022
რუსეთის მხრიდან, "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა. ფოტოები
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
14:53 / 26.09.2022
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე
გაიზარდა.
14:11 / 26.09.2022
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი
ემსხვერპლა.
12:50 / 26.09.2022
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.