ახალი ამბები
ზუგდიდის გენგეგმაში შესაძლო კორუფციის ნიშნები იკვეთება - „ლელო“
"ლელოს" განცხადებით, ზუგდიდის გენერალურ გეგმაში ხარვეზებია, რომელიც მოსახლეობას უქმნის პრობლემებს და აფერხებს ქალაქთან ერთად ბიზნესის განვითარებას. პარტია შესაძლო კორუფციის ნიშნებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს დეტალები აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას.

ამის შესახებ პარტიის ადგილობრივი ოფისის ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ ქოჩუამ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ბუნებრივია ზუგდიდისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი დოკუმენტი და კარგია, რომ ის არსებობს, თუმცა მან არ უნდა დააბრკოლოს მოქალაქეები და არ შეაფერხოს მცირე და საშუალო ტიპის მშენებლობები.

თენგიზ ქოჩუას განმარტებით, არის მთელი რიგი საკითხები და საჭიროებები, რაც დოკუმენტში თავის დროზე არ ასახულა, ამიტომ მის გამოსწორებაზე უნდა იმუშაონ. კერძოდ, ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოწყობა, ამბობს, რომ მაინც გემოვნების თემაა და შეიძლება იმსჯელონ ბულვარის, ბაზრის ტერიტორიის, კედიას ქუჩის განვითარებაზე, თუმცა განსაკუთრებით პრობლემურია ჩანაწერი, რომელიც საცხოვრებელი ზონის განაშენიანებას ეხება.

"მაგალითად, ავიღოთ წერეთლის ქუჩა. აქ მე რომ მქონდეს სახლი და ჩემს მიერ დაკანონებული მიწის ნაკვეთი და მინდოდეს მაღაზიის აშენება, კომერციული მიზნებისთვის ფართის გამოყენება, ამ დოკუმენტის მიხედვით მერია მეუბნება, რომ ჩემი საზღვრიდან, ანუ ჭიშკრიდან 7 მეტრის შეწევის შემდეგ დავიწყო მშენებლობა. სიმაღლე მაქსიმალური 2 სართულიო. ეს ეხება საცხოვრებელი ზონის თითქმის 70%-ს. როცა მერიის შესაბამის სამსახურს ვკითხე ამის შესახებ, თითქოს ხუმრობით, თითქოს ანეკდოტებს ვყვებოდით, ააშენოსო ობიექტი მეპატრონემ, მერე ჩვენ მივალთ და დავაჯარიმებთო. წინასწარ, ან გულგრილობასთან გვაქვს საქმე, ან რაღაც კორუფციულ გარიგებასთან. მოსახლეობას უბიძგებენ, რომ უკანონოდ ააშენონ ნებისმიერი ობიექტი. სასტუმროს აშენება რომ მინდოდეს, გამონაკლისი წესით უნდა ვთხოვო მერიას ან საკრებულოს", - აცხადებს თენგიზ ქოჩუა.

მისი შეფასებით, ხარვეზების მიზეზი ან უცოდინრობაა, ან კიდევ კორუფციული სქემა, რომელსაც დღეს მოქალაქე გვერდს ვერ აუვლის. ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბარს კი, განმარტავს, რომ მოსახლეობა ერიდება დაჯარიმების და უკვე აშენებულის დემონტაჟის შიშით.

სწორედ ამიტომ, "ლელო" დღეს საკრებულოს მიმართავს წერილით, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდნენ საკითხით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, მოიწვიონ სპეციალისტები და დაიწყოს მუშაობა პრობლემების აღმოსაფხვრელად. ამ პროცესში კი თავადაც აქტიურად ჩაერთვებიან.

"იმედია, საკრებულო და მერია ყურად იღებს თხოვნას და შექმნის სამუშაო ჯგუფს", - განაცხადა თენგიზ ქოჩუამ.

ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური, ათწლიანი გეგმა "არტსტუდიო პროექტმა" მოამზადა. სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში.