ახალი ამბები
ზუგდიდის მერიაში უსაფუძვლო უწოდეს „ლელოს“ ბრალდებებს
ზუგდიდის მერიაში უსაფუძვლოს უწოდებენ "ლელოს" ბრალდებებს ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში ხარვეზებზე. მათი განმარტებით, ამ ეტაპზე არ განიხილავენ კონკრეტული ჯგუფის შექმნას, რასაც ოპოზიციური პარტია ითხოვს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ გენგეგმის შედგენა თავიდან ბოლომდე გამჭირვალე პროცესი იყო. გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა და შეხვედრა.

"თითოეულ მოქალაქეს, ორგანიზაციას თუ პოლიტიკურ პარტიას თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდა, ჩართულიყვნენ პროცესში და შეეტანათ თავიანთი წვლილი ზუგდიდის განაშენიანების გენგეგმის შედგენაში. თქვენ იცით, რომ აღნიშნულ პროექტზე მუშაობდნენ საერთაშორისო დონის ექსპერტები. ყველა რეკომენდაცია, რაც კი შემუშავების პროცესში დაფიქსირებულა, არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, იყვნენ თუ არა კონკრეტული პარტიის წარმოამადგენლები ჩართულნი პროცესში

მათი მხრიდან აღნიშნული შემთხვევა არის უსაფუძვლო და მერია ამ ეტაპზე არ განიხილავს კონკრეტული ჯგუფის შექმნას", - განმარტეს მერიაში.

პარტია "ლელოს" განცხადებით, ზუგდიდის გენერალურ გეგმაში ხარვეზებია, რომელიც მოსახლეობას უქმნის პრობლემებს და აფერხებს ქალაქთან ერთად ბიზნესის განვითარებას. პარტია შესაძლო კორუფციის ნიშნებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს დეტალები აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას.

ამ საკითხებზე დღეს პარტიის ოფისში, "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ ქოჩუამ ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ ისინი დღესვე მიმართავენ წერილობით საკრებულოს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორიენტირებული იქნება ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე.