ახალი ამბები
გაფუჭებული საქმე გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით, პირველი ევროპარლამენტის რეზოლუციაა - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არცერთი პარტიის მხრიდან არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, ვინც მონაწილეობას იღებდნენ რეზოლუციის მომზადებაში

პრეზიდენტის სიტყვებით, გაფუჭებული საქმე ჰქვია, იმას როცა ერთი წლის შემდეგ საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას. მანვე აღნიშნა, რომ გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით, პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ყველაზე ნათლად გამოჩნდა ეს იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე.

"ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციის მომზადებაში. ეს ეხებოდა ყველა პარტიას. ოპოზიცია, თავისი მხრივ, მუშაობდა საკუთარი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რაც მას ევალებოდა, ამ პარტიას არ ჩაუტარებია, არჩია ხან დუმილით, ხან შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე. შედეგიც მიიღო. უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რამე გადწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა.

საზოგადოება არ უნდა იყოს შეცდომაში შეყვანილი, ეს რეზოლუცია ამ ეტაპზე მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოხატულებაა, რადიკალური ოპოზიცის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილის და უმოქმედობის შედეგია, არ წარმოადგენს ჯერ არც გადაწყვეტილებას, არც მზაობას ევროკავშირი მხრიდან ასეთ ზომებს მიმართოს. სიმართლეს არ წარმოადგენს ასევე განაცხადი, რომ ვითომცდა, იყოს უკვე გაცხადებული რამე ფორმით ე.წ. ირიბად მომუშავე სანქციები. ეს ბუნდოვანება მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ გადაიფაროს იმათი დანაშაული, ვისაც ეს მუშაობა ევალებოდა და ვინც ყველაფერი არ ეცადა, რათა ეს უსამართლობა ქვეყნისთვის და მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის აეცილებინათ თავიდან. ამ დანაშაულზე პასუხი კონსპირაციული თეორიებით, ანტიევროპული განცხადებებით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა. საკუთარი დაუდევრობის, მმართველ პარტიაზე ვლაპარაკობ, გადაფარვის მცდელობაა ასევე ჩემზე გადაბრალება რომ ვითომც მე დავსვი რაღაცა ტოლობის ნიშნები და არა ის, რომ თქვენ მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო. თქვენ უნდა მიხედოთ ამ საქმეს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.