ახალი ამბები
მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? მოგვიკაკუნეთ და ჩვენი კარები ღიაა - მელია
მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ და კვლავ ჩვენი კარები ღიაა, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მიამიტობაა ფიქრი იმისა, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე ოლიგარქი თავის ბერკეტებს დათმობს:

"ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები და არც მალავენ? კი, ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ. ჩვენ ვართ მზად, ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, როგორც ვიყავით, ასევე ვართ, უბრალოდ მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ფართოდ გაგიღოთ კარები და ეს ყველაფერი ხალხისთვის გასაგები ენით ითქვა. ჩამოწერილია რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ამ ხელისუფლებას რესურსი რეფორმების გატარების არ აქვს, ამ ხელისუფლებას არ აქვს ნება გაატაროს წარმატებული, დემოკრატიული რეფორმები. რატომ? რეფორმებს თუ ჩაგიტარებ, სამართლიან არჩევნებს თუ ჩაგიტარებ, პოლიტიკურად თუ აღარ გდევნე, თუ ეკონომიკა იქნება იმდენად ჯანსაღი, რომ ყველა ისარგებლებს, მაშინ მე მართვის სადავეებს როგორ შევინარჩუნებ?!- ოლიგარქი ფიქრობს. ამიტომ ძალიან მიამიტობაა ფიქრი იმისა, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე ოლიგარქი თავის ბერკეტებს დათმობს. არავის შეეშინდეს, არავინ დაკომპლექსდეს, ქართველი ხალხის ნება ურყევია, ამოქმედდება! შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს დღევანდელი დღიდან მათ შორის 20 რიცხვშიც, სადაც 7 წლის შვილთან ერთად მოვდივარ.

დარწმუნებული ვარ, 20 ივნისი იქნება დღე, რომელიც საჭირო იმპულსებს მისცემს პოლიტიკურ ცხოვრებას მომდევნო პერიოდში. პოლარიზაცია პრობლემა არაა, პრობლემაა აღრევა ხელისუფლების, ის ვერტიკალური მართვა ოლიგარქიული, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს დანერგილი. ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს ალტერნატივის სახით, რომ მისი მართული გახდე,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი სავალდებულო შესასრულებელი პირობებით. რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერა ლაიენმა განაცხადა, რომ საქართველო იგივე პოტენციალს და მისწრაფებას იზიარეებს, მაგრამ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.