ახალი ამბები
ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს ბათუმში, ტვ "პირველის" ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მომხდარს გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიციაც. მათ მოუწოდეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ და კიდევ ერთხელ შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა.

თვითმხილველების თქმით, ოპერატორი წუხელ ხუთი ადამიანის ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით აღმოჩნდა. მათივე ცნობით, მოძალადეები ყვიროდნენ, რომ არ მოსწონდათ ტვ "პირველის" სარედაქციო პოლიტიკა.