ახალი ამბები
ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბათუმში, ტვ "პირველის" ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

გამოძიების ინფორმაციით, 18 ივნისს, 23:15 საათზე, ოპერატორი რესპოდენტთან ერთად პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა, რა დროსაც მასთან ბრალდებულები მივიდნენ და ტელეკომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, აგრესიული საუბრით და გინებით უკმაყოფილება გამოთქვეს. ამ ყველაფერს ოპერატორს და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ბრალდებულებმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აღნიშნულ საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარა. გამოიკითხნენ დაზარალებული ოპერატორი და რესპოდენტები, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მოძიებული და გამოკითხული იქნენ ფაქტის თვითმხილველი პირები, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კერძო და საჯარო ობიექტებიდან გამოთხოვილი იქნა შემთხვევის ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეო კამერის ჩანაწერები - მთლიანობაში 8 საათიანი მონაკვეთი, მოხდა მათი შესწავლა, დამუშავება და დანაშაულში მხილებული პირების იდენტიფიცირება", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, და რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ტიპის საქმეების გამოძიება სწრაფი და ეფექტური იყოს.

უფრო ადრე, მომხდარს გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიციაც. მათ მოუწოდეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ და კიდევ ერთხელ შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა.