ახალი ამბები
ყოფილი პრეზიდენტები ევროკავშირს მიმართავენ, საქართველოს მისცეს კანდიდატის სტატუსი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და მიხეილ სააკაშვილი, ასევე 2016 წლამდე მოღვაწე უმაღლესი თანამდებობის პირები ევროკავშირს მიმართავენ, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად.

წერილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს გადასცა.

"პირველად შედგა საქართველოში, რომ 2016 წლამდე მოქმედი ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი აწერს ამ წერილს ხელს. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთი პოზიციების დაფიქსირება. დაფიქსირება იმ წერტილების, სადაც ჩვენ ჩვენი განსხვავების მიუხედავად, ერთიანები ვართ. არ შემიძლია ამ მომენტში არ გავიხსენო პოლიტიკოსი, რომელიც ყველაზე მეტად იქნებოდა ამ დოკუმენტის ინიციატორი და ხელის მომწერი და მან თქვა ისტორიული ფრაზა "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი" და ეს არის ზურაბ ჟვანია. ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ყველაფერი ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში იმისთვის, რომ ეს ვალდებულებები დარჩენილიყო, მაგრამ ჯერ კანდიდატობა მოეცათ და ვალდებულებების შემდეგ შესრულებაზე ყოფილიყო ლაპარაკი"- აცხადებს მარგველაშვილი.

17 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, სავალდებულო შესასრულებელი პირობებით. რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერა ლაიენმა განაცხადა, რომ საქართველო იგივე პოტენციალს და მისწრაფებას იზიარეებს, მაგრამ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

საბოლოო გადაწყვეტილება ივნისის ბოლოს გამოცხადდება.