ახალი ამბები
სამეგრელოს სოფლებში ეზოების და ყანების ნაწილი დაიტბორა
უხვმა ნალექმა სამეგრელოში მუნიციპალიტეტების ნაწილს პრობლემები შეუქმნა. ადიდებული მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და ჩხოროწყუში რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში დაიტბორა სახლების და ეზოების ნაწილი, სავარგულები. ჩამორეცხილი და დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, ხიდ-ბოგირები.

მერიის ოფიციალური ინფორმაციით, შექმნილ მდგომარეობას შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილზე გაეცნენ მერი დათო გოგუა და მისი პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი. ადგილზე მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის სოფელ საჩინოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზეც. უხვი ნალექის შედეგად აქაც მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დატბორა. ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები,დაზიანდა ნაპირდამცავი ჯებირები.

სიტუაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, მიყენებულ ზიანს შესაბამისი კომისიები დაითვლიან და ზარალის აღმოფხვრის სამუშაოები შესაბამისად განხორციელდება. სამეგრელოში ამ წუთებშიც წვიმს.