ახალი ამბები
ევროპარლამენტმა უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, საქართველოსთვის კი ევროპული პერსპექტივის მიცემის შესახებ. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 529-მა დეპუტატმა. 45 წინააღმდეგი იყო, 14-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციაში წერია, რომ საქართველოც უნდა გახდეს კანდიდატი აუცილებელი რეფორმების შესრულების შემდეგ.

"ევროპარლამენტი მოუწოდებს ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, განახორციელონ საჭირო რეფორმები, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ძირითადი თავისუფლებების, ადამიანის უფლებებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამიტომ მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას, გამოავლინონ თავიანთი პოლიტიკური მონდომება არსებითი რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ეფექტურად აკმაყოფილებენ ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს", - ნათქვამია რეზოლუციაში.

17 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, სავალდებულო შესასრულებელი პირობებით. რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერა ლაიენმა განაცხადა, რომ საქართველო იგივე პოტენციალს და მისწრაფებას იზიარეებს, მაგრამ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.