ახალი ამბები
მზად ვართ და კონსტრუქციული დიალოგისთვის კარი არასდროს დაგვიხურავს - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გუნდის სახელით განაცხადა მზაობა, პოლარიზების დასრულების მიზნით ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგის.

მისი სიტყვებით, სჯერა, რომ ოპოზიცია საკუთარ ამბიციებსა და პირად მიზნებს ქვეყნის ინტერესებზე დაბლა დააყენებს. აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს ჩამოთვლილ პირობებში არის ერთი პირდაპირი მითითება, მუხლი, პირობა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოახდინონ პოლარიზების დასრულება.

"მინდა, ხაზგასმით და მკაფიოდ ვთქვა, რომ ყოველთვის გვქონდა, გვაქვს და ასევე მუდამ გვექნება მზაობა, რომ ისეთ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება, ვიმუშაოთ ერთად. გვქონდეს რეალური დებატები, დისკუსია, მსჯელობა და, ეს რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს ნორმალურ, მშვიდ, კონსტრუქციულ, ჯანსაღ ვითარებაში. ეს არის ჩვენი სურვილი, იმედი მაქვს, ამ პასუხისმგებლობას ჩვენი ოპონენტებიც გაითვალისწინებენ, გაიზიარებენ. ერთ-ერთი მთავარი, პირველი პირობა ეხება პოლარიზების დასრულებას. ეს საკითხი მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობაცაა, მხოლოდ მმართველი გუნდი ვერ განახორციელებს, თუ მათი მხრიდანაც არ იქნა გადადგმული რეალური ქმედითი ნაბიჯები. მინდა, კიდევ ერთხელ ოპტიმისტურად განვაცხადო. მჯერა, ისინი საკუთარ ამბიციებს, სურვილებს, პირად მიზნებს დააყენებენ ქვეყნის ინტერესებზე დაბლა, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი ჯერ არის ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის მომავალი და შემდეგ პარტიული და პირადი ინტერესები. მინდა ხალხს ვუსურვო მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ევროპული მომავალი. საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12 პირობის შესრულება მოუწევს. მათ შორის არის პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა.

ევროსაბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა 23 ივნისს მიანიჭა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი მზად არიან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ მაშინ, როცა პირობები შესრულდება.