ახალი ამბები
მთავრობამ მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს „პრაიდის“ მონაწილეთა უსაფრთხოებას - „თბილისი პრაიდი“
ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი" ხელისუფლებისგან მოითხოვს, დაიცვას 28 ივნისიდან-2 ივლისის ჩათვლით დაგეგმილი "პრაიდის კვირეულის" მონაწილეთა უსაფრთხოება.

ორგანიზაციის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს მთავარი მოთხოვნების შესახებ: მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხოს, რომ დაიცავს "თბილისი პრაიდის" კვირეულის სამივე ღონისძიებას და თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას;

უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელს ქალაქში;

დაისაჯონ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ მუქარებს და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ მომავალს".

"წელს, ძალიან გააზრებულად მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება საზოგადოების პოლარიზაციის და ევროინტეგრაციის პროცესში დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით უარი ვთქვით კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო შეკრებასა და მანიფესტაციაზე - არ ვატარებთ ღირსების მარშს, "პრაიდ კვირეულის" ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება. თუმცა, ამის მიუხედავად პრო-რუსული და ძალადობრივი პარტია "ალტ-ინფო" ღიად აცხადებს, რომ კვირეულს მაინც დაესხმება თავს და გაიმეორებს 5 ივლისს. ჩვენ 2 თვეა აქტიურ თანამშრომლობაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ძალოვან სტრუქტურებთან, შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით. შსს გვაძლევს სამივე ღონისძიების დაცვის გარანტიებს და ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში თავადაც გააკეთებენ საჯარო განცხადებას, ასევე მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტებზე დაწყებულია გამოძიებას.

მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ბოლო დღეებში აშკარად ჟღერდება თბილისი პრაიდისა და ლგბტ თემის მადისკრედიტირებელი, ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. პრემიერი ღარიბაშვილი ბრალს გვდებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში და ცდილობს ჩვენს დაკავშირებას პოლიტიკური პარტიების საქმიანობასთან. კობახიძე კი ვერ ხედავს 5 ივლისის ორგანიზებაში "ალტ-ინფოს" ლიდერების ბრალს, რითიც ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და სტიმულს აძლევს წლევანდელ, იდენტურ მუქარებს ", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

2021 წლის 5 ივლისს, ჰომოფობიური ჯგუფები ადამიანის უფლებათა სახლს თავს დაესხნენ. შენობაში იმყოფებოდნენ თავად ადამიანის უფლებათა სახლში განთავსებული ორგანიზაციების თანამშრომლები, ჟურნალისტები და უფლებადამცველები. 5 ივლისს თავდასხმების შედეგად თბილისში 50-ზე მეტი ჟურნალისტი მძიმედ დაშავდა.