ახალი ამბები
სუბარმა, ხუნდაძემ და ყაველაშვილმა „ოცნება“ დატოვეს
სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ფრაქცია "ქართულ ოცნებას", პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ. განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ. მისი განმარტებით, მიზეზი ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი იყო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც წინა დღესაც მსჯელობდნენ პარტიაში.

"მათი აზრით, დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი, რათა საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს", - განმარტა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, უკვე ყოფილ თანაგუნდელებს მიაჩნდათ, რომ ე.წ. კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს პოლიტიკურ მოვლენებზე.

"გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი", - აღნიშნა მდინარაძემ.