ახალი ამბები
„შინ ევროპისკენ“ თქმით, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში, „ოცნების“ მხარდამჭერები ხელს უშლიან შეხვედრების ჩატარებაში
მოძრაობა "შინ ევროპისკენ" აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები, დედაქალაქსა და რეგიონებში მიმდინარე შეხვედრებში ხელს უშლიან. ისინი 3 ივლისს, თბილისში დაანონსებული აქციის წინ, მოსახლეობას ხვდებიან, ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით რეფორმების 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე სასაუბროდ. 

"თელავში, ხონში, ზუგდიდში, სამტრედიაში, ქუთაისში, ბათუმში, ასევე თბილისში სტუდეტებთან საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებისას წინასწარ დაანონსებულ შეხვედრებს ხელი შეუშალეს და მათი ჩაშლა სცადეს აგრესიულად განწყობილმა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და საჯარო მოხელეებმა. რიგ შემთხვევებში ეს ადამიანები ორგანიზებულად და ჯგუფურად დაჰყვებიან ჩვენს წარმომადგენლებს შეხვედრებზე და მათ მსვლელობაში დესტრუქციულად ერევიან", - აღნიშნულია განცხადებაში.

მოძრაობა "შინ ევროპისკენ" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს "ხელის შეშლის მართული და ძალადობრივი" ფაქტების გამო. მათივე თქმით, ეს მოქმედებები შეიცავს სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული, შეკრების უფლების ხელყოფის დანაშაულის ნიშნებს.

ისინი მოუწოდებენ მმართველ პარტიას, შეწყვიტოს მათთვისვე კონტრპროდუქტიული პროვოკაციები, რაც უკიდურესად აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას. მოძრაობის წევრები მიმართავენ სამართალდამცველებს, უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და ადგილზევე აღკვეთონ პროვოკაციები.

მოძრაობის წევრები არ სჯერათ, რომ მთავრობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომდენდაციებს წლის ბოლომდე შეასრულებს. ამიტომ ითხოვენ, ეს მისია იკისროს "ეროვნული თანხმობის მთავრობამ - ევროკავშირისთვის".

თბილისში 3 ივლისს, "შინ ევროპისკენ" ორგანიზებით მორიგი აქცია გაიმართება. მათი მოთხოვნაა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება.

ევროსაბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი მზად არიან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ მაშინ, როცა პირობები შესრულდება.