ახალი ამბები
ოპოზიციას არ უნდა უკვირდეს, რომ მოქალაქეები უპირისპირდებიან - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც ცდილობს პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს სიტუაცია, ოპოზიციაა. ამიტომ, მათ არ უნდა გაუკვირდეთ, თუ მოქალაქეები უპირისპირდებიან. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა, მოძრაობა შინ ევროპისკენ" ბრალდების საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც შეხვედრების ჩაშლაში მმართველი პარტიის მხარდამჭერებს და საჯარო მოხელეებს ადანაშაულებს და პროცესს "ქართული ოცნების" მიერ მართულად მიიჩნევს.

"ოპოზიცია, რომელსაც თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია იმით, რომ აცხადებს მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და ტექნიკური დემოკრატიული ლეგიტიმაციის არ მქონე მთავრობის შექმნას, ამ ოპოზიციას შემდეგ უკვირს, რომ პოლარიზაციაა და ამის გამო ადგილზე შეხვედრები რომ აქვს, კონფლიქტი ჰქონდეს მოქალაქეებთან. ეს არა თუ არათანმიმდევრული, არის პარადოქსული დამოკიდებულება", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მოძრაობა "შინ ევროპისკენ" აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები, დედაქალაქსა და რეგიონებში მიმდინარე შეხვედრებში ხელს უშლიან. ისინი 3 ივლისს, თბილისში დაანონსებული აქციის წინ, მოსახლეობას ხვდებიან, ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით რეფორმების 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე სასაუბროდ.

ისინი მოუწოდებენ მმართველ პარტიას, შეწყვიტოს მათთვისვე კონტრპროდუქტიული პროვოკაციები და მპოუწოდებენ სამართალდამცველებს, უზრუნველყონ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და ადგილზევე აღკვეთონ პროვოკაციები.

თბილისში 3 ივლისს, "შინ ევროპისკენ" ორგანიზებით მორიგი აქცია გაიმართება. მათი მოთხოვნაა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. მანამდე კი, თბილისსა და რეგიონებში მოქალაქეებს ხვდებიან.

ევროსაბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი მზად არიან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ მაშინ, როცა პირობები შესრულდება.