ახალი ამბები
კამპანიაში მონაწილე პირებზე თავდასხმა ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს - ომბუდსმენი
სახალხო დამცველი ეხმაურება მოძრაობა "შინ ევროპისკენ" კამპანიაში მონაწილეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს. ომბუდსმენის თქმით, წინასწარ გაცხადებული მშვიდობიანი აქციის ორგანიზება და ამ მიზნით, საინფორმაციო ბარათების გავრცელება, სრულად დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, ამ აქტივობების სრულფასოვანი განხორციელების უზრუნველყოფა კი, განმარტავს, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ კამპანიაში მონაწილე პირებზე თავდასხმები და მათ საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, აღნიშნულის კი, შესაძლოა "მსუსხავი ეფექტი" ჰქონდეს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაზე და ემსახურებოდეს აგრესიისა და ძალადობის წაქეზებას.

"სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შესაბამისი რესურსის მობილიზებით, ხელი შეუწყონ მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიების მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვას და დროულად აღკვეთონ მის წინააღმდეგ გამოვლენილი სამართალდარღვევები, დანაშაულებრივი ქმედებები და მათი მცდელობები. ხოლო, დანაშაულის შემცველ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ეფექტიანად უზრუნველყოს სტუდენტთა უსაფრთხოება დაწესებულების ტერიტორიაზე მესამე პირთა დაშვების კონტროლისა და ინციდენტებზე მყისიერი რეაგირების გზით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მოძრაობა "შინ ევროპისკენ" დღეს განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები, დედაქალაქსა და რეგიონებში მიმდინარე შეხვედრებში ხელს უშლიან.

ინციდენტით დასრულდა მსგავსი შეხვედრა ზუგდიდშიც. დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში შეკრებილ მოქალაქეებთან და მოძრაობის წარმომადგენლებთან, მმართველი პარტიის მხარდამჭერები მივიდნენ. მათ მიმართეს შეკრებილებს, რომ სინამდვილეში ამ კამპანიას "ნაციონალური მოძრაობა" მართავს. რეპლიკას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა.

ქვეყნის მასშტაბით, კამპანიის ფარგლებში მსგავსი აქტივობებისას საუბრების თემაა ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობა და ამ მიზნით რეფორმების 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, 3 ივლისს, თბილისში აქცია გაიმართება, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებას მოითხოვენ.

"შინ ევროპისკენ" განმარტებით, მათ არ ჯერათ, რომ მთავრობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომდენდაციებს წლის ბოლომდე შეასრულებს. სწორედ ამიტომ ითხოვენ, ეს მისია იკისროს "ეროვნული თანხმობის მთავრობამ - ევროკავშირისთვის".

მოძრაობამ სამართალდამცველებს მშვიდობიანი შეკრების უზრუნველყოფის და პროვოკაციების ადგილზევე აღკვეთისკენ მოუწოდა.

ბრალდებების საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი, ვინც ცდილობს პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს სიტუაცია, ოპოზიციაა. ამიტომ, მათ არ უნდა გაუკვირდეთ, თუ მოქალაქეები უპირისპირდებიან.