ახალი ამბები
„ოცნება“ ოპოზიციას, ენჯეო-ებს და მედიას, პოლარიზაციის შესამცირებლად აგრესიულ რიტორიკაზე მორატორიუმს სთავაზობს
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტი სათანადო დროში და სათანადო ხარისხით შესრულდეს. პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ პოლარიზაციის შესამცირებლად მნიშვნელოვანია, შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე.

კობახიძის თქმით, ხელისუფლება სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ამ კუთხით და ოპოზიციამ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს იმგვარი რიტორიკისგან, რომელიც ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს:

"იგივე ეხება მედიასაც, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პოლარიზებულ კამპანიაში უშუალოდ არის ჩართული".

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პირველი პუნქტი - პოლარიზაციის შემცირება უნდა განიხილონ, როგორც ერთგვარი საფუძველი დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტურად შესასრულებლად.

"დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომელიც განახორციელებს პერმანენტულ მონიტორინგს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ. მონიტორინგის ანგარიშში აისახება რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიების, მედიასაშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტების მიმართ. მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა და მუშაობის ფორმატი დაზუსტდება საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის საფუძველზე.

დეპოლარიზაციის კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და მათ სამართლიან და ჯანსაღ დამოკიდებულებას მაპოლარიზებელი ქმედებების მიმართ.

პირველი პუნქტის შესრულების კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე", - განმარტა მან.

საქართველომ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტი, კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.

ევროსაბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი მზად არიან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ მაშინ, როცა პირობები შესრულდება.

მოძრაობა "შინ ევროპისკენ" წევრებს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს, არ სჯერათ, რომ მთავრობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომდენდაციებს წლის ბოლომდე შეასრულებს. სწორედ ამიტომ ითხოვენ, ეს მისია იკისროს "ეროვნული თანხმობის მთავრობამ - ევროკავშირისთვის".

მოძრაობა კამპანიას მართავს ქვეყნის მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც საუბრების თემაა ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობა და ამ მიზნით რეფორმების 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ამ შეხვედრებმა გუშინ და დღეს, დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. მათ შორის სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში. მოძრაობის წევრები ამ ყველაფერში მმართველ პარტიას ადანაშაულებენ. ხელისუფლებაში კი საპასუხოდ ამბობენ, რომ ერთადერთი, ვინც ცდილობს პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს სიტუაცია, ოპოზიციაა. ამიტომ, მათ არ უნდა გაუკვირდეთ, თუ მოქალაქეები უპირისპირდებიან.