ახალი ამბები
ზუგდიდსა და თბილისში, „შინ ევროპისკენ“ ფარგლებში დღეს აქციები გაიმართება
დღეს პარლამენტთან, კამპანია "შინ ევროპისკენ" ფარგლებში აქცია გაიმართება, რომელსაც მათ შორის, მოქალაქეები სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდანაც შეუერთდებიან. ორგანიზატორების განცხადებით, მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა. მათ ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს, რომელიც სწორედ დღეს იწურება.

მოძრაობა "სირცხვილიას" განცხადებით, იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა აიძულონ, პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას.

"სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, მოძრაობამ კამპანიის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით შეხვედრები გამართა. მოსახლეობასთან საუბრების თემა იყო ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობა და ამ მიზნით რეფორმების 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

შეხვედრებმა თითქმის ყველგან, ინციდენტების ფონზე ჩაიარა.

მოძრაობის წევრებმა მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულეს, მმართველ პარტიაში კი საპასუხოდ ამბობენ, რომ ერთადერთი, ვინც ცდილობს პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს სიტუაცია, ოპოზიციაა. ამიტომ, მათ არ უნდა გაუკვირდეთ, თუ მოქალაქეები უპირისპირდებიან.

მოძრაობა "შინ ევროპისკენ" წევრებს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს, არ სჯერათ, რომ მთავრობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომდენდაციებს წლის ბოლომდე შეასრულებს. სწორედ ამიტომ ითხოვენ, ეს მისია იკისროს "ეროვნული თანხმობის მთავრობამ - ევროკავშირისთვის".

თბილისში, პარლამენტთან აქცია 20:00 საათზე დაიწყება.

მანამდე, აქცია-პერფორმანსი გაიმართება ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან.

ღონისძიების ორგანიზატორთა განმარტებით, აქციის მონაწილეები ზუგდიდის ცენტრალური შადრევნის გარშემო შეკრავენ ცოცხალ ჯაჭვს, რითაც კიდევ ერთხელ დაანახებენ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობის არჩევანი, სწორედ ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაა.

ევროსაბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი მზად არიან ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ მაშინ, როცა პირობები შესრულდება. ეს პირობები კი 12 პუნქტს მოიცავს და წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს.

ფოტო: ფორმულა