ახალი ამბები
საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას - პრეზიდენტი 5 ივლისის მოვლენებზე
5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას, - წერს პრეზიდენტი "ფეისბუკის" გვერდზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს ის რეალობაა, რომლის საფუძველზეც, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები ამ პერიოდში გაძლიერდნენ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ ჯგუფების გაძლიერება აზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

"ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამაზე პასუხი მათი საქმიანობის აკრძალვაა, თუმცა დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული, რათა არ დარჩეს ეჭვი, რომ აქ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა. თუმცა, იგივე დემოკრატიული ქვეყნების პრინციპებიდან გამომდინარე, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია საჭირო გახდეს.

ამ უკიდურესი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს ამ ჯგუფების დაცვა და მათი პრორუსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება", - წერს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა, რაც გულისხმობს, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებას. ამას გარდა, მათი საქმიანობის ეფექტური კონტროლი და დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება. ეს, მისივე განმარტებით, ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა.

"ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა მსგავსმა დაჯგუფებებმა ხელი ვერ შეუშალონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას!", - აცხადებს ზურაბიშვილი.

5 ივლისს თბილისში,"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა ჟურნალისტებს სცემეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. თითქმის ყველა მათგანი სხვადასხვა მედიის წარმომადგენელია. განსაკუთრებულად გაუსწორდნენ კონტრაქციის წარმომადგენლები "ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც თავდასხმისგან ჟურნალისტის დაცვას ცდილობდა. მას სახეზე ოპერაციაც დასჭირდა. ლექსო ლაშქარავა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, 11 ივლისს საკუთარ ბინაში დედამ გარდაცვლილი იპოვა.

მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს, რომ შუალედური ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვლილი ოპერატორის სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზიც ზედოზირება იყოს.

ლაშქარავას ოჯახი აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და მისი გარდაცვალება 5 ივლისს მიყენებულ მძიმე ტრავმებს უკავშირდება. დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ დასადგენია, გარდაიცვლებოდა თუ არა ლექსო ლაშაქარავა, მანამდე რომ მძიმე ფიზიკური დაზიანებები არ მიეღო.