ახალი ამბები
ააიპ-ებსა და შპს-ებში თანამშრომელთა ზრდის მიზეზი მომსახურების სფეროს ზრდაა - ზუგდიდის მერია
ზუგდიდის მერია გამოეხმაურა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევას, რომლის თანახმადაც, გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი და ხელფასები სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალურ იურიდიულ პირებში.

ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, მერიას დაქვემდებარებულ ააიპ-ებსა და შპს-ებში თანამშრომელთა ზრდა, მომსახურების სფეროს გაზრდამ განაპირობა.

მაგალითად მოიყვანეს ახალი ავტობუსების გადმოცემა მერიისთვის, რის გამოც საჭირო გახდა დამატებით მძღოლების აყვანა.

"ასევე, აშენდა ახალი საბავშვო ბაღები, სადაც დაემატა აღმზრდელები. კეთილმოწყობის ააიპს გადაეცა ახალი ტექნიკა, რამაც ასევე მოითხოვა დამატებითი ტექნიკის ოპერატორების აყვანა. აქედან გამომდინარე, მომსახურების სერვისების ზრდასთან ერთად, მოხდა თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა", - ვკითხულობთ მერიის მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის 92 იურიდიულ პირში დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება 2022 წელს გაიზარდა. ეს ეხება ზუგდიდსაც.

ორგანიზაციის კვლევით, ყველაზე მეტი 2,628 ადამიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 13 იურიდიულ პირში მუშაობს. მათზე 2022 წელს გასაცემი შრომის ანაზღაურების ჯამური მოცულობა კი 19,397,087 ლარია.

"გამჭვირვალობისვე" ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით მოქმედ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში მომუშავე 8,406 ადამიანზე, წელს უკვე გაცემული და წლის ბოლომდე გასაცემი შრომის ანაზღაურების ჯამური მოცულობა 52,237,836 ლარია. ეს ციფრი კი, "გამჭვირვალობის" ცნობით, რეგიონის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ჯამური ასიგნებების 24%-ია.

კვლევის ავტორები ასევე საუბრობენ მუნიციპალიტეტებში ისეთ იურიდიულ პირებზე, რომელთა ფუნქციები დუბლირებულია ერთმანეთთან, ან სახელმწიფო, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა უწყებებთან.

არასამთავრობოს შეფასებით, ცალკეული იურდიული პირების მმართველ, ადმინისტრაციულ რგოლებში კი, არაგონივრულად დიდი ოდენობის საშტატო ერთეულებია.

ამავე კვლევით, მუნიციპალიტეტების უმეტესობაში შექმნილია რამდენიმე ა(ა)იპ, ერთი ტიპის მომსახურების მისაწოდებლად. მსგავსი შემთხვევები ძირითადად სპორტის, განათლებისა და კულტურის სფეროში გვხვდება.