ახალი ამბები
მოქალაქეებს შთააგონებენ, რომ მათზე არაფერია დამოკიდებული - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რას ნიშნავს "ჰიბრიდული ომი".

"როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს "ჰიბრიდული ომი", უნდა გვესმოდეს თუ რას ნიშნავს ეს.

1) მოქალაქეებს შთააგონებ, რომ მათზე არაფერი არაა დამოკიდებული. აბა მე რა ვქნა? ჩემზე რა არის დამოკიდებული? რა აზრი აქვს ქუჩაში გასვლას?

2) ჩვენი ბედი არ წყდება აქ მაინც. არსებობს სხვა მსოფლიო ცენტრები და იქ მზადდება შეთქმულებები საქართველოს წინააღმდეგ.

3) ხდება შოკირება ხალხის რუსული კალკით. ჩვენთან ეს იყო ქვევრში ჩამხრჩვალი რაფალიანცი. სლოვიანსკში ვითომ ჯვარზე გაკრული 3 წლის ბიჭი.

4) ყოველდღე ჩაგვაგონებენ, რომ დემოკრატია ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციულ, კონსერვატიულ ღირებულებებს. (ვინც მიტინგზე გადის ის არის უსამშობლო, უღმერთო და აშ.)

5) სრულიად შეგნებულად ხორციელდება შეტევა კულტურაზე, ვინაიდან სატელევიზიო ახალ ამბებზე მეტად, კულტურა აყალიბებს მენტალიტეტს.

6) დღევანდელობის ნაცვლად არის მცდელობა აქცენტი გადაიტანონ სულ სხვა ამბებზე ერეკლეზე, გარეჯზე და ა.შ",- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი სიტყვებითვე, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების უმეტესობას ქართველები მიაჩნიათ მეორეხარისხოვან არსებებად, მომსახურე პერსონალად, განუვითარებლად და არაანგარიშგასაწევად.

"რა უნდა ვქნათ ჩვენ. მთავარი - შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით ცივი ომი და ბრაზი მივმართოთ არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე. მუდმივად შევახსენოთ შემოსულებს, რომ მათ ინდივიდუალურად მიუძღვით პასუხისმგებლობა ოკუპაციაზე, ქართველების ჩაგვრაზე. და რაც მთავარია ვიაზროვნოთ, ნუ გვეშინია ჩვენი აზრის ხმამაღლა გამოხატვის - ესაა ჩვენი მთავარი გადარჩენა",- წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.