ახალი ამბები
„თუ „დინამო“ ზუგდიდი ყიდის თამაშებს, გამოძიება უნდა დაიწყოს“, - ენმ პროკურატურას და სუს-ს მიმართავს
პარლამენტარი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ანა წითლიძე ითხოვს, დაიწყოს გამოძიება ზუგდიდის საფეხბურთო გუნდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ენგურ-ქაღალდ კომბინატში, მშენებარე სტადიონთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ანა წითლიძე მიმართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, გაასაჯაროვოს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს კლუბის მიერ გაყიდულ თამაშებს.

"თუ გუნდი ყიდის თამაშებს, მაშინ პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება და დააკავონ ამჟამინდელი მფლობელი ზაზა ჯანაშია. თუ არ ყიდის თამაშებს და ამის მტკიცებულებები არ არის, მაშინ ახსნას ფედერაციამ, რატომ არის გუნდი გაგდებული მეორე ლიგიდან", - აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, საფეხბურთო კლუბში განვითარებულ პროცესებში იკვეთება რამდენიმე ტიპის დანაშაული. ამიტომ, ანა წითლიძე მიმართავს პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაინტერესდნენ ამ ყველაფრით. მათ შორის დაიწყოს გამოძიება, სად გაიფლანგა 2014-2017 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან კლუბისთვის მიცემული თანხები.

"ის, რაც ხდება ზუგდიდის საფეხბურთო გუნდში, არის რამდენიმე ტიპის დანაშაული. რა დამართა ხელისუფლებამ გუნდს, რომელიც იყო მუნიციპალური საკუთრება და ისე გაასხვისა კერძო ინვესტორზე, დღეს, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის საქმიანობაში საეჭვო თამაშებში, ფსონების დადებაში ეჭვმიტანილები არიან კანონიერი ქურდები, რომლებიც მონაწილეობენ იმაში, რომელი თამაში უნდა წააგოს და რომელი მოიგოს ზუგდიდის გუნდმა", - აცხადებს ანა წითლიძე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის გამო ზუგდიდის "დინამოს" სასჯელი დაეკისრა მიმდინარე წლის მაისში.

კერძოდ, ზუგდიდის "დინამო" მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში. ასევე, დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან და 10 000 ლარითაც დაჯარიმდა.

გარდა ამისა ფეხბურთელებს, ნიკა აფხაზავას, ნიკოლოზ ბერიშვილს და ავთო ენდელაძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით. თითოს დაეკისრა 5 ათასი ლარის გადახდა. ხოლო სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუას და როინ ჩხაიძეს 6 თვის ვადით აუკრძალეს საფეხბურთო საქმიანობა და 2 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაავალდებულეს.

ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის 100%-ანი წილი, ზაზა ჯანაშიამ 61 ათას ლარად, 2018 წლის დასაწყისში შეიძინა. მანამდე კლუბის 50-50%-ის მფლობელი ზუგდიდის გამგეობა და ქალაქის მერია იყვნენ.

25%-იანი წილი გამგეობამ მერიას 2017 წლის ივნისში დაუთმო, თუმცა მოგვიანებით ისევ უკან დაიბრუნა იმ მიზეზით, რომ წილების ცალ ცალკე გაყიდვას ამჯობინეს, ერთობლივად მომხდარიყო გასხვისება.

კლუბს არაერთხელ ჰქონდა სახელფასო დავალიანება. მათ შორის ზაზა ჯანაშიას ხელმძღვანელობის პირობებში.