ახალი ამბები
ივანიშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე, ან შანტაჟზე - დეგნანი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და "ქართული ოცნების" ყოფილ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.

"როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას. მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები - არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან "შანტაჟზე" ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ", - უთხრა კელი დეგნანმა "ინტერპრესნიუსს".

მისივე თქმით, როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ამის შესახებ საჯაროდ აცხადებენ. ელჩის განმარტებით, სახაზინო დეპარტამენტის ვებ-საიტზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს.

დეგნანის შეფასებით, შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან და როგორც ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის".

ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს გავრცელებულ წერილში დაადასტურა ამერიკის ელჩთან შეხვედრა მიმდინარე წლის 21 მარტს. მისივე ცნობით, ეს შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.