ახალი ამბები
ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი დააკავეს, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორი
სამართალდამცველებმა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და გურიაში, ნარკორეალიზაციის, საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის 20 პირი დააკავა.

ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით, ქვემო ქართლში, იმერეთსა და დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში, დაკავებულია 14 ნარკორეალიზატორი.

დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება 6 პირს, მათ ბრალი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, აგრეთვე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებაში, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვაში, ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, ასევე მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ამ პროცესის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე, 276-ე, 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.