ახალი ამბები
სენაკში 1-ელ ოქტომბერს გაიმართება საკრებულოს შუალედური არჩევნები
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები პირველ ოქტომბერს გაიმართება. შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. კენჭისყრა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. თარიღი ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ჩანიშნა.

ვახტანგ წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს შეუწყდა.

ის ენმ-ს წევრი იყო და პარტიის მტკიცებით, გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" ზეწოლით მიიღო. ბრალდებები უარყო მმართველმა პარტიამ.

"ქართულ ოცნებას" სენაკის საკრებულოში 16 წევრი ჰყავს,

ოპოზიცია 17 წევრით იყო წარმოდგენილი. მათგან 13 "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო, 4 კი "საქართველოსთვის" დეპუტატია.

დღესვე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასევე გამოაცხადა კონკურსი სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ასევე განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები, ვადები.

"შუალედური არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით. უზრუნველყოფილი იქნება ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოფიქსაცია. საარჩევნო უბნებზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები", - აცხადებს ცესკო.