ახალი ამბები
ენგურჰესი არის ჩვენი ხიდი აფხაზეთთან - პრეზიდენტი
"ენგურჰესს" ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, აარა მხოლოდ როგორც ნაგებობასა და კაშხალს, ეს არის რეალურად, ჩვენი ნამდვილი ხიდი აფხაზეთთან, რამეთუ ერთობლივად იმართება და ეს ალბათ, ერთადერთი ასეთი, საერთო ეკონომიკური საქმიანობაა",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი პრესსამსახურის ცნობით, ზურაბიშვილმა 16 აგვისტოს სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ,,ენგურჰესის" თაღოვანი კაშხალი დაათვალიერა.

პრეზიდენტის სიტყვები თ, "ენგურჰესი" არის ის, რაც დღეს კიდევ გვაერთიანებს და რასაც ძალიან დიდი მომავალი აქვს.

"ამავდროულად, ენგურჰესს" საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ენერგოპროდუქციის 40% აქედან მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ,,ენგურჰესთან" და სხვა ჰესების მშენებლობასთან. ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ, როცა ცოტა მარტივად და ცოტა ზედაპირულად ვსაუბრობთ, რომ ჰესები შეიძლება ბუნებას აზიანებდეს. გადავხედოთ აქაურ ბუნებას, რამდენად მდიდარია ის, რამდენად მდიდარია ,,ენგურჰესის" პოტენციალი, რამდენად სჭირდება საქართველოს ეს პოტენციალი და რამდენად სჭირდება ეს ხიდი ჩვენი და აფხაზების სამომავლოდ ერთად ყოფნას" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დაიწყო ,,ენგურჰესის", როგორც ინდუსტრიულ-ტურისტული პუნქტის აღდგენა, რომელსაც მიმდინარე წელს დასათვალიერებლად უკვე 20 000 ტურისტი სტუმრობდა. სვანეთის გზაზე ეს არაჩვეულებრივი ადგილი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული პუნქტი გახდება.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, "ენგურჰესის" კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა ორი საათია და ვიზიტორებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.

ამჟამად პროექტს ,,ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია" ენერგეტიკის განვითარების ფონდი და მისი შვილობილი კომპანია ,,ენგური ატრაქცია" ახორციელებს.