ახალი ამბები
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ იზიუმში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმში ჩავიდა. მან დეოკუპირებულ ქალაქში უკრაინული დროშის აღმართვის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია სადესანტო ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ცნობების თანახმად, შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას. პრეზიდენტმა ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა უკრაინის მიწების გათავისუფლებისთვის და საკრებულოს შენობის თავზე დროშა აღმართა.

სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მიიღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების და სხვა უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს ქალაქი რუსი სამხედროებისგან.

შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბრიდან უკრაინის შეიარაღებული ძალები გადავიდნენ ინტენსიურ კონტრშეტევაზე. 12 სეტემბერს, უკრაინელებისადმი ტრადიციული ვიდეომიმართვისას პრეზდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან თითქმის 6 000 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

რუსული არმია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.