ახალი ამბები
სოხუმმა დესტაბილიზაციისკენ მიმართული პროვოკაცია უწოდა ენგურის ხიდზე გამართულ აქციას
სოხუმი გამოეხმაურა ენგურის ხიდზე გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც აქტივისტებმა ოკუპაცია გააპროტესტეს და გააჟღერეს დევნილების აფხაზეთში დაბრუნების მოწოდება.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეკრება შეაფასა, როგორც "მორიგი პროვოკაციული ქმედება", რომელიც მიმართულია "სასაზღვრო ზონაში" დესტაბილიზაციისკენ.

"მიუხედავად ქართველი მაღალჩინოსნების განცხადებებისა, რომ საქართველოს სურს არსებული წინააღმდეგობები მშვიდობიანი გზით გადაჭრას, პრაქტიკაში დგამს სხვადასხვა ნაბიჯს, რამაც შეიძლება შეარყიოს უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში", - განმარტავს სოხუმი.

ე.წ. სამინისტროსვე ინფორმაციით, აშშ-ის საელჩომ და USAID-მა ქართველ აქტივისტებს აფხაზეთში, დევნილების დაბრუნების საკითხის გააქტიურება დაავალეს. "პროვოკაციები" კი უკიდურესად უარყოფით რეაქციას იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში.

უკრაინის და საქართველოს დროშებით ხელში, აქტივისტებმა საოკუპაციო ხაზთან გუშინ, 24 სექტემბერს დაგმეს კიდევ ერთხელ ოკუპაცია და განაცხადეს, რომ აფხაზეთი საქართველოა.