ახალი ამბები
27 სექტემბერი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედიაა - სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"2022 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა. 27 სექტემბერი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედიაა, რომელსაც რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონის — აფხაზეთის ოკუპაცია, ათობით ათასი ადამიანის დაღუპვა და ასობით ათასი ადამიანის საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცევა მოჰყვა.

ჩვენ დღეს ვიგონებთ ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია — დეოკუპაცია და მავთულხლართებით დაშორიშორებულ თანამოქალაქეებს შორის ნდობის აღდგენა და შერიგება წარმოადგენს ერთადერთ მყარ საფუძველს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად", – აღნიშნულია განცხადებაში.

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში სახელმწიფო დროშებია დაშვებული. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ის 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა და იძულებული იყო საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მონაცემებით, ომში დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი. 2008 წლის აგვისტოში, სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა.