ახალი ამბები
ვგმობთ ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” ოკუპირებულ აფხაზეთში - თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლის და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო.

სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს", რომელიც მათივე განმარტებით, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

"ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს", - აცხადებს თბილისი.

მანამდე, საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს და დამატებით განმარტებები მოსთხოვეს.

აფხაზური საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესი" წერს, რომ ლუკაშენკო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე შეხვდა. სააგენტოსვე ცნობით, ბჟანიამ ბელარუსის პრეზიდენტის მისალმებისას თქვა, რომ ის "დიდი ხნის ნანატრი სტუმარია".

ლუკაშენსკოს განცხადებით, მისი ვიზიტი რაიმე განსაკუთრებული მიზეზით არ ხდება და ეს ურთიერთობების გაღრმავებას უკავშირდება, თუმცა აქვე დასძინა, რომ ახლა "ერთმანეთის გაძლიერების"დროა.