ახალი ამბები
აფხაზეთიდან დევნილი მომღერალი, პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთიდან დევნილი მომღერალი, ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მომღერალი თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის დაჯილდოვდა.

სახელმწიფო ჯილდო ნათია თოდუას პრეზიდენტმა პირადად გადასცა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. მას სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნათია თოდუამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ამ უდიდესი ჯილდოსათვის და განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს მსოფლიო ასპარეზზე ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის.

"პირობას ვდებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენ ყველა ერთად დავბრუნდებით აფხაზეთში!", - ციტირებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომღერლის სიტყვებს.

ნათია თოდუა გერმანული ვოისის გამარჯვებულია. მანვე ორი წლის წინ რუმინეთის ფესტივალზე ორ ნომინაციაში პირველი ადგილი დაიკავა.