ახალი ამბები
ხმა მივეცი საბოტაჟის დასრულებას, სენაკის განვითარებას - „ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი
სენაკის შუალედურ არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა მმართველი პარტიის კანდიდატმა. ზაზა ყუარშვილმა ხმა 41-ე უბანზე მისცა.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციის ბოიკოტზე აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ, რადგან დამარცხებისთვის იყვნენ განწირული:

"ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. მე დღეს ხმა მივეცი სენაკის განვითარებას და იმ ყველაფრის დასრულებას, რაც საბოტაჟის სახით გრძელდებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სენაკში. დღევანდელი შედეგით ჩვენ დავადასტურებთ და შევქმნით ყველა პირობას იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იქნეს წარმართული, როგორც ჩვენ საკრებულოს გვაქვს ჩამოყალიბებული. ჩვენ შევქმნით მყარ უმრავლესობას. ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას, რადგან პრაქტიკულად დამარცხებისთვის იყვნენ განწირული", - აღნიშნა მან.

არჩევნებზე მისი ერთადერთი კონკურენტი პოლიტიკური მოძრაობა "მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის"თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძეა. 

სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები, გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. მოსახლეობა თეკლათისა და ჭალადიდის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

სამ საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრა მიმდინარეობს, 2 307 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

აღნიშნულ არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად იყენებს სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატებს.

შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე, ხმის დათვლის აპარატის საშუალებით გახდება ცნობილი, საიდანაც ამოიბეჭდება წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი. აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც.

"ქართულ ოცნებას" სენაკის საკრებულოში 16 წევრი ჰყავს.

ოპოზიცია 17 წევრით იყო წარმოდგენილი. მათგან 13 "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო. ეს მანამ, სანამ ენმ-ის დეპუტატი წარმომადგენლობით ორგანოს დატოვებდა. 4 კი "საქართველოსთვის" დეპუტატია.